ერთი არნახული გამოფენის შთაბეჭდილება

აფსთეითში ბუნება ყვავის, დადის გრძელი მატარებლები, დაფრინავენ და აკაკუნებენ კოდალები, ოთხი-ხუთი შველი შეგხვდება ჰადსონზე, მზე ანათებს და არც ისე ცივა, გვერდით მთაზე სრიალებენ, კორნუოლში კი სამი-ოთხი კოხტა სამრეკლოიანი ეკლესიაა: მეთოდისტური, პრესვიტერიანული, ბაპტისტური და ასე შემდეგ. მენორაც დგას.

სტორმ კინგის სანახავად არ ავსულვართ. გვერდზე იყო და მოვხვდით. გამოფენა დაკეტილია, ნოემბრიდან აპრილამდე. ვეება სკულპტურები მიმოფანტული; ნახულობენ მხოლოდ თანამშრომლები, ალბათ, შიგადაშიგ თოვლს გადაწმენდენ, და ზერელე მაყურებლები ტელეფონით ხელში შორ შესასვლელთან შლაგბაუმითა და წარწერით “სტოპ”.

ორს გადავუღე. ერთი ერთობ უინტერესოა. მეორე, ისე-რა. კოლდერის უკვე მობილები მართლაც ინფანტილური სათამაშოს ელფერს იძენენ: ხელოვნების ნაწარმოები როგორც საძინებელი; მთელი სახლი, როგორც საძინებელი; ეჰ, თუნდაც აეროპორტის ტერმინალი. აი, ჯონ ფ. კენედის აეროპორტის მეოთხე ტერმინალში, ჰკიდია განზომილებიდან გავარდნილი მობილი; გიგანტური აკვანივით, ყველა წამსვლელ-წამომსვლეს ფრენის წინ აიავნანებს.

 ალექსანდრ კოლდერის “მობილი”, აწეული ჯე-ეფ-კეის მეოთხე ტერმინალის თავზედ; დიდსაძინებელი, 2018 წლის იანვარის თვეს ნანახი (და ადრეც)

ალექსანდრ კოლდერის “მობილი”, აწეული ჯე-ეფ-კეის მეოთხე ტერმინალის თავზედ; დიდსაძინებელი, 2018 წლის იანვარის თვეს ნანახი (და ადრეც)

“არკა” სტორმ კინგში დამიწებულ მობილს ჰგავს. სულ სიკვდილის წინ გაუკეთებია, მოდელი, ყოველ შემთხვევაში; 1975-ში. კოლდერი გარდაიცვალა მალევე, მუყაოს მაკეტი 1978 დაასკალირეს და შეაყენეს პატარა გორაკზე; მუზეუმის მთავარმა არქიტექტორმა, ცოტა მიწა მივაყაროთო, რომ აიწიოს, და ქნეს. შავი ფერისაა, და უთუოდ უხდება. ფორმები, როგორც ამ გვიანდელი პერიოდის კოლდერის ოდნავ მონუმენტურ ნაწარმოებებს სჩვევია, ნახევრად ინდუსტრიული, ნახევრად ფსევდობიომორფული. სხვას ვერც მონახავ: კონფლიქტი მექანიკურსა და ბიოლოგიურს შორის, უკვე ახალგაზრდა დიუშამი ამას ეჭიდებოდა. ჰოდა, მხოლოდ ერთი რაკურსით გვერგო, რადგან, ხომ არ შევძვრებოდით გადაკეტილ არეალში?

მგონი, მაინც საკმარისია. საუკეთესოა იანვრის არაცივი გარემო: ყვითელი ბალახი, მკრთალი ცის ფონი. კოლდერმა სათამაშოების კეთებით დაიწყო, მართლაც, ბავშვებისთვის, მავთულით, კლაკნილებით, მარტივი სახეებით; ჯერ ფიგურალურით, შემდეგ ფიგურასაც შეეშვა; ყველა შეეშვა და ისიც.

ჰოდა, ხელოვნების ნაწარმოები სათამაშო არ არის. თამაშის გარეშე არ არსებობს. თუმცა, არ არის მხოლოდ სათამაშო. და ამიტომ, მობილებიც და ეს სკულპტურაც, უკვე თავად ირჩევს ზერელობას.

 ალექსანდრ კოლდერის “არკა”, სტორმ კინგის ხელოვნების ცენტრი, ნიუ უინდსორ, “აფსთეით” ნიუ იორკი, ნანახი ასევე, გაცილებით უფრო სასიამოვნო გარესამყაროს იანვრის თვეში

ალექსანდრ კოლდერის “არკა”, სტორმ კინგის ხელოვნების ცენტრი, ნიუ უინდსორ, “აფსთეით” ნიუ იორკი, ნანახი ასევე, გაცილებით უფრო სასიამოვნო გარესამყაროს იანვრის თვეში

ჰო, ერთს დავამატებ: მობილები ეგრეთწოდებული კინეტიკური ხელოვნებაა. Doppelt-gemoppelt, გერმანულად ითქმის. აბა, რომელი ჭეშმარიტი ნაწარმოები არ არის კინეტიკური, ანუ მოძრავი? ერთი სიტყვით, სახელიც კი უკვე ამტყუნებს ჟანრს. რაც არ ნიშნავს, რომ უფრო თვინიერი წარმომადგენლები გამორიცხულია. არა. არის.

ალბათ, ამაზე სხვა დროს.

მეორე ნაწარმოები უფრო საინტერესო აღოჩნდა: ალექსანდრევე ლიბერმანის “ადონაი”. ღმერთს ნიშნავს, ცხადია, ებრაულად, თუმცა თავად ლიბერმანი ამბობს, რომ მისი ნაკეთობებისთვის სახელები უმნიშვნელო იარლიყებია. კიდევ ორი მისი ინსტალაციაა ამავე ტერიტორიაზე, უფრო შორს, და დამალული. “ადონაი” ეწოდება ტიპიური გოთიკური კათედრალის პორტალის ორ ცენტრალურ სვეტთან მსგავსების გამო. ლიბერმანი თან ხელოვანი, თან სხვა სფეროს პროფესიონალი იყო, კონდი ნასტის ერთ-ერთი ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ხელოვანის სიტყვები საკუთარ ნაწარმოების შესახებ, განსაკუთრებით, კომერციულად გათვითცნობიერებული თანამედროვესი, საინტერესოა, მაგრამ ვერ იქნება ერთადერთი ან თუნდაც ერთ-ერთი პირველი ავტორიტეტული ინსტანცია ნაწარმოებზე სამსჯელობოდ.

“შარტრში ვიყავი. მინდოდა გაანალიზება, თუ რატომ იწყება კათედრალური ტაძრები ძირითადი პორტალით [იმიტომ, რომ ბერძნული ტაძრებს ბაზილიკის სახით რომაულ შევიწროვებას ეყრდნობიან; მაგრამ რა ვუყოთ?] ჰოდა, ძირითადი პორტალით დავიწყე, “ადონაის” ორი ვერტიკალური ცილინდრით. შემდეგ, გვაქვს ნავი. შეხედეთ “ადონაის” გრძელ ჰორიზონტალურ ცილინდრს, ესაა ჩემი წარმოსახვითი ნავი. ცილინდრის ბრტყელი წრე, ფრონტალური, ორ ვერტიკალურ ბოძს ეყრდნობა. აშენებ საკუთარ წარმოსახვით კათედრალურ ტაძარს.”

 ალექსანდრ ლიბერმანი, “ადონაი”, 1971–1972, ხელახლა აგებული 2000 წელს. სტორმ კიგნის ხელოვნების ცენტრი, ნიუ იორკის შტატი

ალექსანდრ ლიბერმანი, “ადონაი”, 1971–1972, ხელახლა აგებული 2000 წელს. სტორმ კიგნის ხელოვნების ცენტრი, ნიუ იორკის შტატი

ჰო, არა, როგორც ქართულად ითქმის. კათედრალურისაც და, ალბათ, ნებისმიერი ტაძრის მახასიათებელი შინაგანი სივრცის წარმოებაა. ნავი ნავია, იმიტომ, რომ მიცურავს: ღმერთთან, ესქატოლოგიურად, და მრევლი ლოცვით მონიჩბეა. ამ “ადონაის” კი დახურულ-გადაფარული სივრცე არ აქვს; და შესაძლოა, სწორედ ეს არის მისი მიმზიდველობა.

ტაძარი, რომელიც გარეთ გტოვებს. ახლოს არც — ვერც — ვიყავი, ჯერ. ადრე თუ გვიან, მივალ. საგულისხმოა, რომ პირვანდელი კონსტრუქცია კოროზიით მოისპო: აშენდა 1971–72 წლებში. შემდეგ, იმდენად დაიშალა, რომ ლიბერმანის გარდაცვალების მომდევნო წელს, 2000-ში ხელახლა ააგეს, ახალი მასალით. განზრახ იაფ და ხრწნად მატერიებს იყენებდა.

ყავისფერი ყველაფერი დანარჩენის ყავისფერს ეხმატკბილებოდა. ეს გვიანდელი იანვრის აფსთეითური დოვლათია. არცა ცივა, ნამდვილად არცა ცხელა. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები პრეტენზიული არაა. ოდესმე, მას შემდეგ რაც ახლოდან ვნახავ, კიდევ ერთხელ დავწერ, ალბათ.

ამერიკაში ხელოვნება თითქოს და თითქმის ყოველთვის თავის ადგილზეა. კარგიც და ცუდიც. კარგ ადგილას და ცუდ ადგილას. ტრიალ მინდორში გაშლილ მუზეუმშიც. ჰოლანდიაშია ერთი “კრულე-მულე.” დღემდე გოგლი-მოგლს მახსენებს.

უცნაურია, როცა გამოფენა თავს არ განახვებინებს. კათედრალური ტაძარი კი მდარე ანალოგიაა “ადონაისთვის”, მაგრამ შესაძლოა სხვა ნიშნით ის მაინც ჩინებული იყოს. ბევრი კონსტრუქცია არაა, ასე გარეთ რომ გტოვებდეს; ალბათ, ახლოდანაც.

ნიუ იორკის შტატში მრავალი ადგილი მინახავს უკვე ხელათ შესაყვარებელი ბუნებით. მგონი, ჰადსონის ბრალია, ფართო მდინარეა და ცოტა მთებიც ერგება, ძლიერ მოდის. და კოდალები ჰყავთ, წითელთავა.

სრული აუღელვებლობა იყო. ხვალაა State of the Union, პრეზიდენტის სიტყვა ერის მომავალზე. ალბათ, ემიგრაციას შეეხება; და რაღაც სხვასაც. ასეთი ხელოვნებისგან პოლიტიკა არც თუ ისე შორსაა, რადგან ომის შემდეგაა შექმნილი და, ასე თუ ისე, სტაბილურობაში სურს დაგვარწმუნოს; თვით დამიწებულ კინეტიკაშიც. არადა, მცირედ განსხვავებებსაც აქვთ შორსმიმავალი შედეგები.

ამის შესახებ შემდეგ ჯერს.

სურათების ადრე სანახავად მადევნეთ თვალყური ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/____devi/

მალე იმეილის სიას შევადგენ და შემდეგ ისტორიებს, ალბათ, კვირაში ერთხელ, წინასწარ ამ სიის წევრებს გავუგზავნი. სიაზე ხელმოსაწერად შეგიძლიათ ამ მისამართზე მომწეროთ: devi.dumbadze@gmail.com