ისე არ წვიმს, როგორც ქუხს | On Trump's Election

ერთი პრეზიდენტის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. სანდერსის და ტრამპის პოპულიზმის გაიგივება არასწორია; შეხედეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. სანდერსის მხარდამჭერებმა არ აირჩიეს ტრამპი, ესეც უბრალოდ სტატისტიკურად არასწორია. საკითხავია, თუ რას ნიშნავს ეს არჩევანი საქართველოსთვის.

ჩემი აზრით, გაუგებარი იყო ყოველი ისეთი მტკიცება — ოცნების და ენმ-ის მხრიდანაც — თითქოს კლინტონი საქართველოს საგარეო ურთიერთობებისთვის უკეთესია. გაიხსენეთ Reset-ის პოლიტიკა რუსეთთან, ეს იყო შემწყნარებლობა, რომელმაც გამოიწვია უკრაინის ომი — საქართველოს ომის შემდეგ.

კლინტონზე არსებობს მყარი წარმოდგენა, თუ რას მოიმოქმედებდა ის საგარეო პოლიტიკის კუთხით, და ეს იქნებოდა ობამას საგარეო კურსის გაგრძელება, შესაძლოა, ოდნავ უფრო მეტი ქმედითობით სირიის კონფლიქტის მიმართ. მაგრამ კლინტონის ადმინისტრაცია არც რუსეთს დაუპირისპირდებოდა და არც ირანის შეთანხმებას მოაკლებდა რამეს.

მარტივად ვიტყვი: საქართველოსთვის სუსტი ირანი უკეთესია ვიდრე ძლიერი ირანი. ათი, აწ უკვე ცხრა წლის შემდეგ, როცა შეთანხმება ამოიწურება, ირანს გარანტირებულად ექნება ბირთვული იარაღი, თუ არა უფრო ადრე. ეს ნიშნავს თურქეთის უფრო რადიკალურ ისლამიზაციასაც, და საქართველოში საერთოდ — კი ბატონო, არა ერთიანი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული — ირანი-ჩინეთი-რუსეთის ხაზის გავლენის ზრდას.

თუკი ეს არ ჩანს, შეავლეთ თვალი ოცნების უკანასკნელ ნაბიჯებს ამ ქვეყნებთან მიმართებით, რაც ჯერ-ჯერობით ზედაპირზე მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლების განვითარებას გულისხმობს, მაგრამ არ არის აუცილებელი პოლიტიკურ ეკონომიკას ეზიაროს მავანი რომ გავიზიაროთ ის, რომ ეკონომიკა პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე არ არსებობს და პირუკუ.

ჰოდა, ტრამპი: ტრამპის თავისებურება ისაა, რომ ის უცნობია; მისი პოლიტიკა — ხშირად განზრახ — ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმულებით გამოირჩევა, და მგონი არავინ იცის, საბოლოოდ, თუ რად დაილექება ის რეალურად. მაგრამ, თავიდანვე, და აშკარად, ტრამპი ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო — კრუზის და ნაწილობრივ რუბიოს გვერდით, ასევე ბუშისაც — ვინც კატეგორიულად უპირისპირდებოდა ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას და მას სავარაუდოდ გააუქმებს. გენერალი მაიკ ფლინია მისი საგაერო ურთიერთობების ერთ-ერთი გამჟღერებელი, ყოველ შემთხვევაში, აქამდე; ის კი ასევე გამორიცხავს ირანთან თბობას.

ეს, მე ასე ვფიქრობ, საქართველოსთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე კლინტონის სავარაუდოდ უმაქნისობა ამ კუთხით. რუსეთთანაც თუ რას ნიშნავს ტრამპის დამოკიდებულება, ეს კიდევ გამოჩნდება.

მე არც ის მგონია, რომ ყველა ისლამური აღმსარებლობის ადამიანს ხელს შეუშლიან ამერიკაში შემოსვლაში; ეს არასოდეს უთქვამს ტრამპს, არამედ კონფლიქტური ზონიდან მოსულ ლტოლვილთა “უკიდურესად მკაცრ შემოწმებაზეა” ლაპარაკი — შეიძლება არ დაეთანხმო ამას, მაგრამ ლოგიკა ამაში არის, რადგან ისლამური ტერორიზმი არსებობს და რეალური საფრთხეა — ასევე, საქართველოში, ირიბად.

ემიგრაციის სისტემა ამერიკაში დიდი ხანია განსხვავდება ყველა სხვა დასავლური ქვეყნისაგან (სცადეთ მაგალითად გერმანიაში ვიზის გადაცილება — დიდი ხანი ვერ გაჩერდებით; ამერიკაში ეს ათწლეულების მანძილზე გაცილებით უფრო ლიბერალურად ხდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ზღვარს ამ პრობლემამ მიაღწია. კარგი იქნება არსებობდეს უსაზღვრო ქვეყნები, მაგრამ სანამ არსებობს სხვა ეროვნული სახელმწიფოები, რომლებიც იცავენ საკუთარ მოქალაქეთა უფლებებს მიგრაციის კონტროლით — აქ არ არის ლაპარაკი ჰუმანიტარულ დახმარებაზე ლტოლვილებისთვის, ეს ცხადია უნდა გაგრძელდეს — ამერიკაც მოიმოქმედებს იგივეს. უეჭველად ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი, თუ რატომ წააგო კლინტონმა).

ერთი სიტყვით, სწორედ რადგან ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კონკრეტული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჯერ გარკვეული არ არის, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს ამერიკასთან თანამშრომლობა; და დიახ, მე ვფიქრობ რომ არსებულ ვითარებაში ლიბერალური დემოკრატია ჯობია არალიბერალურ ავტორიტარიზმს.

კონსერვატორებიც ამერიკაში იქონიებენ თავის ზედავლენას ტრამპის პოლიტიკაზე; თუკი ისე გამოვიდა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შედეგად რუსეთმა სირიიდანაც დაიხია, და ევროპაშიც შეჩერდა, კი ბატონო, ეს არის უკეთესი.

მოკლედ, ბევრი რამ გაურკვეველია, და სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ ცვლილებები იქნება, ამერიკის შიგნითაც და საგარეო პოლიტიკაშიც, აი თუ როგორი, ესაა საკითხავი.