ქართული ხელნაწერები, იერუსალიმის გამოფენა მეტროპოლიტენში | Georgian Manuscripts, Jerusalem Exhibition at the Met

 

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ბევრი ქართული ექსპონატი არ ინახება; და ეს საერთოდ საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების დასავლეთში აღქმადობის ნაკლებობის ერთ-ერთი, მართალია, ფრაგმენული ნიშანია.

ორიოდ ჩოხა თუ ხანჯალი დაცულია საცავში. 404-ე და 405-ე გალერეებში კი — აქემენიდურიდან სასანიდური ირანის პერიოდების მომცველ ოთახებში — ბრინჯაოს და სპილენძის ქამრის ბალთები იფინება, ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებიდან.

ერთ-ერთ მათგანზე ხარირემს დაგრძელებული, წაწვეტებული თეძო-ბარძაყი უჩანს. ქვემოდან, მუცლის არეში, და სახეზეც მას ფრინველები თავს ესხმიან. რქები, კუდი სპირალისებრ დახვეულია. საბრძოლველად კი ცხოველს თითქოს მაინც არ სცალია. ცარიელი ადგილები — უარყოფითი სივრცის მოხაზულობა — მართკუთხა დეკორაციულ არტეფაქტს გეომეტრიზმის, მეტიც, აბსტრაქტულობის ელემენტს შესძენს. ქრისტიანული იკონოგრაფიისაგან, რასაკვირველია, ის ჯერ კიდევ შორსაა. კომპოზიციაში უფრო პოლითეისტურად ბუნების იდუმალი ძალის ერთიანობა ამოიკითხება. ეს ძალა მედიდურ მსხვერპლს და წვრილ მტაცებელს ერთიან ორნამენტად გადაწნავს.

ბრინჯაოს ქამრის ბალთა, ახ. წ. 1-2-ე საუკუნეები. მეტროპოლიტენის მუზეუმი

ბრინჯაოს ქამრის ბალთა, ახ. წ. 1-2-ე საუკუნეები. მეტროპოლიტენის მუზეუმი

მით უფრო იშვიათი აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მუზეუმის 2016-2017 წლის ერთ-ერთ გამოფენაში “იერუსალიმი 1000–1400. ყველა ხალხი ზეცის ქვეშ” შუა საუკუნეების იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრიდანაც ორი ექსპონატი იფინებოდა.

ექსპოზიციას აშკარად იმის წარმოჩენა სურდა, თუ რაოდენ მრავალფეროვანი იყო კულტურები, რომლებიც ამ უძველეს ქალაქში ერთმანეთთან თანაარსებობდა, ან ერთმანეთს ენაცვლებოდა: ებრაული და სხვადასხვა კუთხის ქრისტიანული რელიგიით განპირობებული მხატვრული სტილების გვერდით ქალაქში ისლამური ქვეყნების ხელოვნების ტრადიციებიც ხარობდა. ეს ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქას ეხება, თუმცა წმინდა ქალაქი ამ პერიოდში მეტწილად, 1189 წელს სულთან სალადინის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ, სხვადასხვა მუსულმანურ სამეფოთ შორის ხელიდან ხელში გადადიოდა.

ნაჩვენები ქართული ხელნაწერებიც მე-11 საუკუნიდანაა. ერთი ბოდლეიანის ბიბლიოთეკაშია დაცული, ოქსფორდში, მეორე ლონდონის ბრიტანულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ამდენად, მათ ვერც საქართველოში იხილავ. ამიტომ იყო ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით იშვიათი.

ორივე ხელნაწერი “მენოლოგიონია”, წმინდანთა ცხოვრების კრებული. პირველი გიორგი პროხორემ—ქართულ წყაროებში პროხორე ქართველის სახელით ცნობილმა—1038–1040 წლებში წმინდა ჯვრის მონასტერში შექმნა. პროხორემ ეს მონასტერი იერუსალიმის გარეთ თავად დაარსა, მას შემდეგ, რაც, კლარჯეთიდან დღევანდელ ისრაელში ჩასულმა, წმინდა საბას ლავრაში ათი წელი დაჰყო.

ხელნაწერის ტექსტები ბერძნულიდან და არაბულიდან არის თარგმნილი, რაც სამონასტრო კომპლექსის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე მიუთითებს. მანუსკრიპტი პერგამენტზე ორ სვეტად შავი და წითელი მელნითაა შესრულებული. ილუსტრაციები მას თან არ ახლავს, მხოლოდ ინიციალებია მოხდენილი მთავრულით გამოყვანილი.

წმინდანთა ცხოვრების წიგნი, მელანი პერგამენტზე. პროხორე ქართველი, დაახ. 1038–1040. წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. ფოტო ჩემია

წმინდანთა ცხოვრების წიგნი, მელანი პერგამენტზე. პროხორე ქართველი, დაახ. 1038–1040. წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. ფოტო ჩემია

წმინდანთა ცხოვრების მეორე კრებული კალიგრაფი იოანე შავის მიერ შესრულებული ასლია, იმავე ჯვრის მონასტერში დამზადებული. ლეგენდის თანახმად, ჯვრის მონასტერი იერუსალიმის მისადგომებთან იმ ადგილას დაარსდა, სადაც სოლომონის ტაძრისათვის მასალად შერჩეული ხე იზრდებოდა. თუმცა ეს ხე შემდეგ დაიწუნეს და ხიდის ასაშენებლად გამოიყენეს. მოგვიანებით, მისგან ის ჯვარი ააგეს, რომელზეც რომაელებმა ქრისტე აცვეს. ხელნაწერი სადაა, შავი მელნით და მწყობრი ხელწერით, ერთი მსხვილი სვეტით ჩამოწერილი.

წმინდანთა ცხოვრების წიგნი. მელანი პერგამენტზე. შავი ბერი იოანეს ასლი, მე-11 საუკუნე, წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. ესეც მე გადავიღე

წმინდანთა ცხოვრების წიგნი. მელანი პერგამენტზე. შავი ბერი იოანეს ასლი, მე-11 საუკუნე, წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. ესეც მე გადავიღე

საქართველოს შუა საუკუნეების ქრისტიანებისათვის თავიანთი კულტი ჯვარცმის თაყვანისცემაზე იყო კონცენტრირებული. იმავე მე-11 საუკუნის შუა პერიოდიდან, ბერებს საქართველოდან გოლგოთის მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, წმინდა აღდგომის ტაძარი ებარათ, ხან მთლიანად, ხან ნაწილობრივ. გერმანელმა მომლოცველმა ლულოდფ ფონ ზუხემმა 1350 წელს შენიშნა, თუ როგორ ღებულობდნენ ქართველი ბერები იქ სარკმლიდან საკვებს, შემოწირულობებს, სანთლებს და ზეთებს გამვლელი პილიგრიმებისგან.

მეტროპოლიტენი მუზუმის გამოფენის კონცეფცია თანამედროვე ისტორიოგრაფიის ტენდენციას ეხმატკბილებოდა: ეს ტენდენცია ნაციონალური თუ ცივილიზაციური კერძო თვალთახედვების დაძლევას ესწრაფვის, სავარაუდო პლურალისტური პოლიპერსპექტიულობის მეშვეობით. 2016 წლის გამოფენაც იერუსალიმში არა ერთი რომელიმე ტრადიციის — და არც ორის თუ სამის — ურთიერთობის აღწერას ეთმობოდა, არამედ, როგორც ივარაუდებოდა, იმ “ყველა ხალხისა ზეცის ქვეშ” თანასწორუფლებიანად წარმოჩენას ცდილობდა, ვისაც ამ ქალაქთან ხსენებულ საუკუნეებში საერთოდ კავშირი ჰქონია.

თუმცა, ეკვივალენტობის ასეთი მოწადინებული ვარაუდი ისტორიულად რეალური დაპირისპირებების გაფერმკრთალების მიდრეკილებას უფრო ამჟღავნებს. მაგალითდ, გამოფენას თან ახლავდა მოკლე დოკუმენტური ფილმების ინსტალაციების სერია. მათში დღევანდელი იერუსალიმის საეკლესიო თემების, გარემოვაჭრეების, მოსახლეების და მოქალაქეთა ყოველდღიური პოზიციები ჟღერდებოდა. იმ პერიოდში განახლდა დისკუსია, გადაიწევდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში, რაც ამ ქალაქის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ასეთ კონტექსტში გამოფენის შინაარსი ახლებურ, არცთუ მოულოდნელ პოლიტიკურ შეფერილობას იძენდა. 2017 წლის დასასრულს ეს საკითხი, რომელიც ამერიკაში, სულ მცირე, ისრაელის დაარსებიდან განიხილებოდა, დადებითად გადაწყდა.

თუმცა, მხატვრულად ამგვარი სინქრონიული პანოს შექმნა უსათუოდ ღირშესანიშნავი იყო. ერთ საგამოფენო სივრცეში ლუარის მხარის ჯვაროსანი რაინდის საფლავის ქვის რელიეფური სკულპტურა; ეგვიპტელი ალამ ალ-დინ ქაისარის მიერ სულთან ალ-მალიქ ალ-ქამილისთვის გამოჭედილი მოვერცხლილი ზეციური გლობუსი; სირიელი ქრისტიანების მე-13 საუკუნის ერაყში დამზადებული ილუსტრირებული ლექციონარი; სომეხი მხატვარი სარგის პიდზაქის უფლისწული ფემის ბეთლემში ჩვილ იესოსთან ერთად შესრულებული ილუმინაცია; და რეგენსბურგის ებრაული ბიბლიის მოხატული ფურცლები იყრიდა თავს, რომლებზეც იერუსალიმის დანგრეულ ტაძარში არონი მენორას ანთებს და წარსულის ხსნის შესახებ მოსთქვამს.

მართალია, გამოფენა შუა საუკუნეების შუა აზიის ისტორიულ კონტექსტს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მასში გაერთიანებული ხელოვნების ნაწარმოებები, მიუხედავად ამისა, თავად მეტყველი იყვნენ ამ თვალსაზრისითაც.

მათგან, მგონი, შეუძლებელია არ გამოვყო ნაზარეთის რომანული არქიტექტურის სტილში შესრულებული ტაძრის ხუთი სვეტისთავი. რომანული არაქიტექტურა და განსაკუთრებით ქანდაკება საფრანგეთიდან გამორჩეულად ექსპრესიულია. ოტუნის სან-ლაზარის ბარელიეფების ფიგურების ფაქიზი ჟესტები თი სუილაკის სან-მარის “მოცეკვავე წინასწარმეტყველის” გამომხატველობითი მიხვრა-მოხვრა ამ შორეული იერუსალიმის სვეტისთავებზეც წარმოჩნდა. აქ ახალი აღთქმის სცენებისათვის საერთო თაღოვანი ჩარჩოს მიმცემი ჩარდახის მრუდხაზოვნება მოქმედ პირთა ტანის სტილიზებურ გამომხატველობას უერთიანდება.

სხეულის სახასიათოდ დეფორმირებული ელემენტები — მაგალითად, სახის წაგრძელებული ნაკვთები — განსაკუთრებით სწორედ სამხრეთ საფრანგეთის რომანული ქანდაკების მახასიათებელია. არნოლდ ჰაუზერი “ექსპრესიონიზმის უეჭველ ტენდენციაზე” მსჯელობს.

თუმცა, ნაზარეთში დაახლოებით 1170 წელს შესრულებულ ფიგურებში ოვალის ფორმის—მუხლის, იდაყვის, მკერდის წარმოსაჩენად—და ტალღოვანი ხაზების გამეორებას—ქიტონის თუ მოსასხამის მკაფიოდ მოხაზულ ნაკეცებში—ტანი, თითქოს, რიტმულ სხეულებრივ ორნამენტში გადაჰყავს.

წმინდა თომას კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები, დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

წმინდა თომას კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები, დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

წმინდა პეტრეს, მათეს და იოანეს კაპიტელები.

ქალწულისა და მოციქულის კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები. დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

ქალწულისა და მოციქულის კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები. დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

ნაზარეთის ერთ-ერთ სვეტისთავზე გამოსახულია ქალწული. მას მოციქულისთვის ხელი ჩაჭიდებია, რათა გამბედავად გაატაროს ჯოჯოხეთის ალებში. ამ სხეულებრი ტანჯვას კიდეებზე ორი საზარელი დემონი განასახიერებს.

მსხვერპლშეწირვა საშინელ განსაცდელს, მეტიც, ენით აღუწერელ ტკივილს მოიტანს — ეს რომანული ტიმპანუმის აპოკალიფსური ბარელიეფის თითქმის უცვლელი დანაპირებია. თუმცა, ტერორი არ აღსრულდება. ხელშესახები ქმედებით, რომელიც ნაზარეთის სვეტისთავზე თეატრალიზებული რჩება და, ბიზანტიური უხორცო რეპრეზენტაციის კანონიკისგან განსხვავებით, ადრინდელ ნატურალისტურ მომენტებსაც უკვე უშვებს, განსაცდელი, უსათუოდ, ტრიუმფით დასრულდება. ოვალთა და რბილი ხაზების ერთიანობაც, ყველა გეომეტრიულ ნიშანთან ერთად, ამის აღთქმის გამოსახვაა.

თუ საქართველოს შუა საუკუნეების ქრისტიანობისათვის ჯვარცმა მართლაც ტანჯვის მისტერიუმი იყო  —  უმიზეზო და გარდაუვალიც —  ნაზარეთელი ხელოვანისათვის, პირიქით, ხსნა ურყევად უკვე წამძღვარებულია.

მოციქული ყოყმანობს, მაგრამ ღვთისმშობელმა იცის, საით მიდის გზა. რომ აღთქმა ჭეშმარიტებაა, ეს გამოხატულია, და მწყობრი სვეტრიგის თაღითაც იმკობა.

კომპოზიციის ფორმალური რკალი ესქატოლოგიური შინაარსის უდრეკობის მოწმობად გვევლინება. ოციოდ წელიწადიც კი არ გავა, როცა სალადინი იერუსალიმს ალყას შემოარტყავს.

სურათები იხილეთ https://www.instagram.com/____devi/

ისტორიების მისაღებად იმეილის სიაზე ხელმოსაწერად მომწერეთ devi.dumbadze@gmail.com

(c) დევი დუმბაძე, ყველა უფლება დაცულია.