ორი ქართული ხელნაწერი იერუსალიმიდან მეტროპოლიტენის მუზეუმში | Two Georgian Manuscripts at the New York Metropolitan Museum's Jerusalem Show

Iliko & Ilarioni Blog, Medium.com

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ბევრი ქართული ექსპონატი არ არის. რამდენიმე ჩოხა თუ ხანჯალი ინახება საცავში. 404-ე და 405-ე გალერეებში, აქემენიდურიდან სასანიდური ირანის პერიოდების მომცველ ოთახებში, ბრინჯაოს და სპილენძის ქამრის ბალთები იფინება, ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეებიდან. ერთ-ერთ ხარირემს დაგრძელებული, წაწვეტებული თეძო-ბარძაყი აქვს. ქვემოდანაც, მუცლის არეში, და სახეშიც მას ფრინველები უტევენ. რქები და კუდი სპირალისებრ დახვეულია. საბრძოლველად კი ამ ცხოველს თითქოს არ სცალია. ცარიელი ადგილები — ნეგატიური სივრცის მოხაზულობა — მართკუთხა დეკორაციულ არტეფაქტს გეომეტრიზმის, აბსტრაქციის ელემენტს შესძენს. ქრისტიანული იკონოგრაფიისაგან ის ჯერ კიდევ შორსაა. აქ უფრო ბუნების იდუმალი ძალის ერთიანობა ამოიკითხება. მედიდურ მსხვერპლს ის წვრილ მტაცებელთან ერთ ორნამენტად გადაწნავს.

www.metmuseum.org

მით უფრო იშვიათია, რომ ერთ-ერთ მიმდინარე გამოფენაში “იერუსალიმი 1000–1400. ყველა ხალხი ზეცის ქვეშ” წარმოდგენილია ორი ექსპონატი შუა საუკუნეების იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრიდან. ექსპოზიციას იმის წარმოჩენა სურს, თუ რაოდენ მრავალფეროვანი იყო ის კულტურები, რომლებიც ამ უძველეს ქალაქში ან ერთმანეთთან თანაარსებობდა, ან ერთმანეთს ენაცვლებოდა. ებრაული და სხვადასხვა კუთხის ქრისტიანული რელიგიით განპირობებული მხატვრული სტილების გვერდით აქ ისლამური ქვეყნების ხელოვნების ტრადიციებიც ხარობდა. ეს ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა იყო, თუმცა წმინდა ქალაქი ამ პერიოდში მეტწილად, 1189 წელს სულთან სალადინის მიერ მისი დაპყრობის შემდეგ, სხვადასხვა მუსულმანურ სამეფოთ შორის ხელიდან ხელში გადადიოდა.

ქართული ხელნაწერებიც მე-11 საუკუნიდანაა. ერთი ბოდლეიანის ბიბლიოთეკებშია დაცული, ოქსფორდში, მეორე ლონდონის ბრიტანულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. მათ ვერც საქართველოში ნახავს მავანი. ამიტომ, ეს შესაძლებლობა იშვიათია.

ორივე “მენოლოგიონს” წარმოადგენს, წმინდანთა ცხოვრების კრებულს. პირველი გიორგი პროხორემ—ქართულ წყაროებში პროხორე ქართველის სახელით ცნობილმა—1038–1040 წლებში წმინდა ჯვრის მონასტერში შექმნა. პროხორემ ეს მონასტერი იერუსალიმის გარეთ თავად დაარსა, მას შემდეგ, რაც, კლარჯეთიდან დღევანდელ ისრაელში ჩასულმა, წმინდა საბას ლავრაში დაჰყო ათი წელი.

ხელნაწერის ტექსტები ბერძნულიდან და არაბულიდან არის თარგმნილი, რაც სამონასტრო კომპლექსის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე მიუთითებს. მანუსკრიპტი პერგამენტზე ორ სვეტად შავი და წითელი მელნითაა შესრულებული. ილუსტრაციები მას თან არ ახლავს, მხოლოდ ინიციალებია მოხდენილი მთავრულით გამოყვანილი.

წმინდანთა ცხოვრების წიგნი, მელანი პერგამენტზე. პროხორე ქართველი, დაახ. 1038–1040. წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. დევი დუმბაძის ფოტო

წმინდანთა ცხოვრების მეორე კრებული კალიგრაფი იოანე შავის მიერ შესრულებული ასლია, იმავე ჯვრის მონასტერში დამზადებული. ლეგენდის თანახმად, მონასტერი იერუსალიმის მისადგომებთან იმ ადგილას დაარსდა, სადაც იზრდებოდა სოლომონის ტაძრისათვის მასალად შერჩეული ხე. თუმცა ის შემდეგ დაიწუნეს და ხიდის ასაშენებლად გამოიყენეს. მოგვიანებით, მისგან ის ჯვარი ააგეს, რომელზეც რომაელებმა ქრისტე აცვეს. ხელნაწერი სადაა, შავი მელნით და მწყობრი ხელწერით, ერთი მსხვილი სვეტით ჩამოწერილი.

წმინდანთა ცხოვრების წიგნი. მელანი პერგამენტზე. შავი ბერი იოანეს ასლი, მე-11 საუკუნე, წმინდა ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი. დევი დუმბაძის ფოტო.

საქართველოს შუა საუკუნეების ქრისტიანებისათვის კულტი ჯვარცმის თაყვანისცემაზე იყო კონცენტრირებული. იმავე მე-11 საუკუნის შუა პერიოდიდან, ბერებს საქართველოდან გოლგოთის მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, წმინდა აღდგომის ტაძარი ხან მთლიანად, ხან ნაწილობრივ ებარათ. ერთ-ერთმა გერმანელმა მომლოცველმა, ლულოდფ ფონ ზუხემმა, 1350 წელს შენიშნა, თუ როგორ ღებულობდნენ ქართველი ბერები იქ საკვებს, შემოწირულობებს, სანთლებს და ზეთებს გამვლელი პილიგრიმებისგან ფანჯრიდან.

მეტროპოლიტენის გამოფენის კონცეფცია თანამედროვე ისტორიოგრაფიის იმ ტენდენციას ეხმატკბილება, რომელიც ნაციონალური ან ცივილიზაციური კერძო თვალთახედვების დაძლევას პლურალისტური პოლიპერსპექტიულობის საშუალებით ესწრაფვის. გამოფენა იერუსალიმში არა ერთი რომელიმე ტრადიციის, და არც ორის თუ სამის ურთიერთობის აღწერას ეთმობა, არამედ, სავარაუდოდ, “ყველა იმ ხალხის ზეცის ქვეშ” თანასწორუფლებიანად წარმოჩენას ცდილობს, რომელსაც ამ ქალაქთან ხსენებულ საუკუნეებში კავშირი ჰქონია.

თუმცა, ეკვივალენტობის ასეთი მოწადინებული დაშვება ისტორიული დაპირისპირებების გაფერმკრთალების ტენდენციას ამჟღავნებს. გამოფენას თან ახლავს მოკლე დოკუმენტური ფილმების ინსტალაციების სერია, სადაც დღევანდელი საეკლესიო თემების, ვაჭრების, მოსახლეების და მოქალაქეთა ყოველდღიური პოზიციები ჟღერდება. იმ განახლებული დისკუსიის ფონზე, გადაიწევს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში, რაც ამ ქალაქის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ტოლფასი იქნებოდა, გამოფენის შინაარსი ახალ, არც თუ ისე მოულოდნელ პოლიტიკურ შეფერილობას იძენს. ეს საკითხი, სულ მცირე, ისრაელის დაარსებიდან განიხილება.

თუმცა, მხატვრული თვალსაზრისით ამგვარი სინქრონიული პანოს შექმნა უსათუოდ ღირშესანიშნავია. ერთ საგამოფენო სივრცეში ლუარის მხარის ჯვაროსანი რაინდის საფლავის ქვის რელიეფური სკულპტურა, ეგვიპტელი ალამ ალ-დინ ქაისარის მიერ სულთან ალ-მალიქ ალ-ქამილისთვის გამოჭედილი მოვერცხლილი ზეციური გლობუსი, სირიელი ქრისტიანების მე-13 საუკუნის ერაყში დამზადებული ილუსტრირებული ლექციონარი, სომეხი მხატვარი სარგის პიდზაქის უფლისწული ფემის ბეთლემში ჩვილ იესოსთან ერთად შესრულებული ილუმინაცია და რეგენსბურგის ებრაული ბიბლიის მოხატული ფურცლები, რომლებზეც იერუსალიმის დანგრეულ ტაძარში არონი მენორას ანთებს და წარსულის ხსნის შესახებ მოსთქვამს, ერთმანეთის გვერდი-გვერდ თავს იყრის. მართალია, გამოფენა შუა საუკუნეების შუა აზიის ისტორიულ კონტექსტს დიდ ყურადღებას არ აქცევს, იქ გაერთიანებული ხელოვნების ნაწარმოებები, მიუხედავად ამისა, თავად მეტყველია.

მათგან, ვგონებ, შეუძლებელია ნაზარეთის რომანული არქიტექტურის სტილში შესრულებული ტაძრის ხუთი სვეტისთავის არგამოყოფა. ოტუნის სან-ლაზარის ბარელიეფების ფიგურების ფაქიზი ჟესტები და სუილაკის სან-მარის “მოცეკვავე წინასწარმეტყველის” ექსპრესიული მიხვრა-მოხვრა შორეული იერუსალიმის სვეტისთავებზე ახალი აღთქმის სცენებისათვის საერთო თაღოვანი ჩარჩოს მიმცემი ჩარდახის მრუდხაზოვნებასა და მოქმედ პირთა ტანის სტილიზებულ გამომხატველობას უერთიანდება. სხეულის ოდნავ დეფორმირებული ელემენტები — მაგალითად, სახის წაგრძელებული ნაკვთები —განსაკუთრებით, სამხრეთ საფრანგეთის რომანული ქანდაკების მახასიათებელია. არნოლდ ჰაუზერი “ექსპრესიონიზმის უეჭველ ტენდენციაზე” მსჯელობს.

თუმცა ნაზარეთში 1170 წლისთვის შესრულებულ ფიგურებში ოვალის ფორმისა—მაგალითად, მუხლის, იდაყვის, მკერდის წარმოსაჩენად—და ტალღოვანი ხაზების გამეორებას—ქიტონისა თუ მოსასხამის მკაფიოდ მოხაზულ ნაკეცებში—ტანი, თითქოს, რიტმულ სხეულებრივ ორნამენტში გადაჰყავს.

წმინდა თომას კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები, დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

წმინდა პეტრეს კაპიტელი

წმინდა მათეს კაპიტელი

წმინდა იოანეს კაპიტელი

ქალწულისა და მოციქულის კაპიტელი, კირქვა, 1170-იანი წლები, დამზადებულია ნაზარეთში, ინახება ტერა სანქტას მუზეუმში, იქვე. www.metmuseum.org

ერთ-ერთ სვეტისთავზე ქალწულს მოციქულისთვის ხელი ჩაჭიდებია, რათა გამბედავად გაატაროს ჯოჯოხეთის ციებ-ცხელებაში, რასაც კიდეებზე ორი საზარელი დემონი განასახიერებს. მსხვერპლშეწირვა საშინელ განსაცდელს, მეტიც, ენით აღუწერელ ტკივილს მოიტანს — ეს რომანული ტიმპანუმის აპოკალიფსური ბარელიეფის თითქმის უცვლელი აღთქმაა. მაგრამ ტერორი არ აღსრულდება. კონკრეტული ქმედებით, რომელიც ნაზარეთის სვეტისთავზე თეატრალიზებული რჩება და, ბიზანტიური უხორცო რეპრეზენტაციის კანონისგან განსხვავებით, ადრინდელ ნატურალისტურ მომენტებსაც უშვებს, ის, უსათუოდ, ტრიუმფით დასრულდება.

თუ საქართველოს შუა საუკუნეების ქრისტიანობისათვის ჯვარცმა მართლაც იყო ტანჯვის მისტერიუმი — უმიზეზო და დაუხსნადიც — ნაზარეთელი ხელოვანისათვის ხსნა, პირიქით, უდრეკად უკვე წამძღვარებულია. მოციქული ჭოჭმანობს. მაგრამ ღვთისმშობელმა გზა იცის. ჭეშმარიტება გამოხატულია. და ის მწყობრი სვეტრიგის თაღითაც იმკობა.

კომპოზიციის ფორმალური რკალი ესქატოლოგიური შინაარსის ურყეობაზე მოწმობს. ოციოდ წელიწადიც კი არ გავა, როცა სალადინი იერუსალიმს ალყას შემოარტყავს.