ტრამპის კაბინეტი, ქართული პოპულიზმი | Trump's Cabinet, Georgian Populism

ტრამპმა დღეს გამოაცხადა, რომ “რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის” (RNC) თავმჯდომარე, ისტებლიშმენტის ის წევრი, ტრამპს რომ მხარს უჭერდა მაშინაც კი, როცა თითქმის ყველა სხვა პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი მას უკვე ზურგს აქცევდა, რენს პრიბუსი, დაინიშნა მომავალი თეთრის სახლის ადმინისტრაციის შეფად (chief of staff).

ამავე დროს, სტივ ბენონი, ალტ-მემარჯვენეთა უმსხვილესი საინფორმაციო ვებსაიტი “ბრაიტბარტის” ხელმძღვანელი, რომელიც კელიენ კონვეისთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წარმართავდა ტრამპის წარმატებულ საარჩევნო კამპანიას, მთავარ სტრატეგიულ მრჩეველად დასახელდა (chief strategist).

თუ პრიბუსი ზომიერი რესპუბლიკელია, ვისკონსინის სენატორ პოლ რაიანთან დაახლოვებული და იმაზე იზრუნებს, რომ ტრამპს კაპიტოლიუმში მაღალჩინოსან თანაპარტიელებთან ურთიერთობები თავიდანვე დაულაგდეს, ბენონი ანტი-ისტებლიშმენტის ძალების ერთ-ერთი მეთაურია და უეჭველად უფრო რადიკალური პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი იქნება.

თუმცა, ადმინისტრაციის უფროსი ოფიციალური პოსტია, მთავარი სტრატეგი ტრამპმა კი, შესაძლოა, სპეციალურად ბენონისთვისაც გამოიგონა; მაგრამ ასეთ ფორმალობებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მალევე გამოჩნდება, თუ რომლის პოზიცია იქნება ამ ორი, პრინციპულად დაპირისპირებული ბანაკიდან უფრო მეტი ზეგავლენის მქონე ტრამპის მთავრობაში. ჯერ-ჯერობით, ის ფლანგების დაბალანსებას ცდილობს, და ეს მისი ადმინისტრაციის თუ კაბინეტის სხვა კანდიდატებშიც აისახება.

ნიუტ გინგრიჩი, ყოფილი სპიკერი, ინტელექტუალობის კოსტუმის კარგად მომრგები, საკამათო ფიგურაა იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი ტრადიციული კონსერვატორის სიმპათიას ისევე იმსახურებს, როგორც იმდენივეს ანტიპატიას: სხარტად მოაზროვნე და სუსხიანი ენა კი აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ მას ისეთი სენსიტიური პოზიციის დაკავებას, როგორიცაა სახელმწიფო — საგარეო — მინისტრი არ ანდობენ; და, ამაზე, თავადაც უარი თქვა. შესაძლოა, მან ეროვნული უსაფრთხოების უწყებას უხელმძღვანელოს, ან რაიმე სხვა სახით — მაგრამ თითქმის გარანტირებულად — მონაწილეობა მიიღოს ტრამპის ადმინისტრაციაში.

შემდეგი ასევე თითქმის ცნობილი პოზიცია ნიუ-იორკის ყოფილ მერს, 1990-იანი წლების ნამდვილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამტარებელ რუდი ჯულიანის ეკუთვნის: იუსტიციის მინისტრის. კელიენ კონვეი — რომელიც ამერიკის ისტორიაში საპრეზიდენტო კამპანიის პირველი გამარჯვებული ქალი ხელმძღვანელია, რასაც ხშირად ახსენებენ ტრამპის სექსიზმის საპირისპირო არგუმენტად, ან ასევე მრჩეველი გახდება, ან, რაც არანაკლებ საალბათოა, პრესის მდივანი გახდება. ამ ადგილს ზოგი ჩარლი ჰერთსაც უწინასწარმეტყველებს, “ვაშინგტონ ეგზამინერისა” და იმავე “ბრაიტბარტის” ტრამპის ლოიალისტ კომენტატორს.

ჯარედ კუშნერი, ტრამპის ქალიშვილი ივანკას მეუღლე, რომელიც ებრაელია და ისრაელთან ურთიერთობის თვალსაზრისით ტრამპისთვის დიდი უპირატესობის მომტანია, კამპანიაშიც აქტიურობდა და სავარაუდოდ ადმინისტრაციაშიც ამოჰყოფს თავს; საკამათოა, ჯერ-ჯერობით, თუ რა სპეციფიკურ როლებს მიიღებენ მისი შვილებიც: ივანკა, ერიკი და დონალდ ჯუნიორი. სამივე შესამჩნევად ქმედითად უჭერდა მას მხარს კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ.

თუმცა, საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური სახელმწიფო მდივნის კანდიდატურებია. ერთ-ერთი მათგანია სენატორი ჯეფ სეშენსი სამხრეთის ალაბამას შტატიდან, რომელიც ცნობილია გამორჩეულად ხისტი დამოკიდებულებით არალეგალური ემიგრანტებისა და ისლამური ქვეყნებიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის მიმართ. თუმცა, სეშენსს შესაძლოა არ ჰქონდეს იმდენი საგარეო-დიპლომატიური პოლიტიკური გამოცდილება, როგორიც აქვს მეორე კანდიდატს, რომელსაც განსაკუთრებით მხარს უჭერს — და ამით, ფაქტობრივად, საქმეს უფუჭებს — ეგრეთწოდებული “ანტი-ტრამპელების” ბანაკი: ანუ, ძველი ნეოკონსერვატორები — რაც ასევე, მოხდენილი non sequiturგამოდის. “ნეო” ხომ ნეოკონსერვატორებში ბევრი აღარაფერია; მაგრამ მათი სასურველი კანდიდატი, ალბათ, საქართველოსთვისაც, რუსეთისადმი მისი დამოკიდებულების გამო, ყველაზე სასურველია ჯერ-ჯერობით დასახელებულთაგან: ყოფილი გაეროს ელჩი ჯონ ბოლტონი.

ბოლტონი ითვლება უმაღლესი ფრენის შევარდნად: ფიგურად, რომელიც მხოლოდ ამერიკის ინტერესების დაცვითაა დაინტერესებული და მეორე ბუშის ადმინისტრაციაში ამერიკის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გამოთიშვას მიაღწია, რითიც ამერიკის მოქალაქეების უცხოეთის სასამართლოებისთვის გადაცემა გამოირიცხება; ასევე, მაგალითად, შეუქმნა ბუშს სარაკეტო სისტემების ცალმხრივი განვითარებისათვის საჭირო საერთაშორისო შეთანხმების საფუძველი.

საკითხავია, არის თუ არა ისეთი “ამერიკელიინტერნაციონალისტი”, როგორც ბოლტონია, ტრამპისთვის სასურველი კანდიდატი, თუმცა კამპანიის განმავლობაში ბოლტონი მას ღიად ემხრობოდა. ბოლტონი არის ირანის ბირთვული შეთანხმების ცალსახად წინააღმდეგი და რუსეთთან მიმართებითაც ამერიკის raison d’état-ს მკაცრი დამცველია. გენერალ მაიკ ფლინთან შედარებით — რომელმაც ორიოდ დღის წინ ტრამპთან ერთად ჩვეულებისამებრ გამართულ პირველ უშიშროების საიდუმლო ბრიფინგშიც უკვე მიიღო მონაწილეობა — ბოლტონს ვერავითარი რუსეთისადმი გახსნილი დამოკიდებულებაც კი ვერ დაწამდება. თუმცა, ბოლტონიც ისევეა პრაგმატისტი, როგორც ფლინი საკუთარ წიგნში რუსეთის მძაფრ კრიტიკოსად გვევლინება.

როცა ამ პოსტის შემავსებელი ოფიციალური კანდიდატურები გაჟღერდება, ისიც უფრო დაზუსტდება, თუ რა კონკრეტულ ორიენტაციას შეიძლება მოველოდეთ ტრამპისგან პოლიტიკური მართვის პროცესში. კერძოდ რუსეთთან ურთიერთობის უფრო ნათელი ინდიკატორი კი ის იქნება, თუ ვისით ჩაანაცვლებს რუსეთში ამჟამინდელ ელჩს ჯონ ტეფტს, რომელიც, ვლადიმირ ჟირინოვსკის სიტყვებით, “რუსეთს ვერ იტანს”.

ჯონ პოდჰორეცი, ალბათ, ყველაზე მეოხუნჯე “ანტი-ტრამპელი”, იმასაც კითხულობს, თუ რამდენად არის მოსალოდნელი ის, რომ ახლა, ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის დომინანტობის ახალ პირობებში, კონსერვატიული პოლიტიკის პრინციპები — საგარეო ინტერვენციონიზმის ჩათვლით, რაც საქართველოსთვის ან უფრო სამხედრო კუთხით, ან მხოლოდ ფულადი ტრანშების სახით USAID-ს და სხვათა გავლით, არსებითი რჩებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში — ტრამპიზმის ისეთი მაქსიმებით ჩანაცვლდეს, რომლებისთვისაც “პოპულიზმის” წოდება დიდი შედეგის მომტანი ვერ არის.

ტრამპი აშკარად არის საგარეო პოლიტიკის კუთხით, რეალური სამთავრობო მართვის თვალსაზრისით, დაუწერელი წიგნი თუ არა, ერთი ვრცელი სტატია მაინც: მოინახება ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვები, თუმცა ძირითადი ტენორი არის ძალა: ამერიკის ახალი ძალის გენერირება, ძველის აღზევება, ოღონდ, საომარი ინტერვენციების მინიმალიზაციის გზით. ტრამპს სურს სამხედრო ხარჯების საგრძნობლად გაზრდა, რათა გაჯანსაღებული არმიით, ფლოტითა და საჰაერო ძალებით ამერიკას აღარ მოუხდეს ისეთ საომარ მოქმედებებში ჩართვა, რომელიც, არადა, სავარაუდოდ, აუცილებელი რჩება სირიასა, ერაყში და ავღანეთშიც კი.

მაგრამ, როგორც პოდჰორეცი დასძენს, თუ ტრამპიზმმა წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში, ეს შეიძლება იმითაც დასრულდეს, რომ კონსერვატიული იდეოლოგიის ძირითადი პრინციპები ამერიკის პოლიტიკური სპექტრიდან თუ არ გაქრეს, ძირეულად შეიცვალოს მაინც. ხოლო, თუ არა, მაშინ ტრამპიც დაეშვება და კვლავ მოხდება ძველი “ნეოს” აღზევება. ჯერ-ჯერობით, მისი მცველები, მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი, ოდესღაც შეძულებულ სენატორ ტედ კრუზს ტრამპს უმაღლესი სასამართლოს ვაკანსიაზე სთავაზობს.

აქ ჩანს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში არამარტო პროდასავლურმა, არამედ, პროამერიკულმა ძალებმა. მიხეილ სააკაშვილი იმით აიგივებს ტრამპისა და მის პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, რომ უკანასკნელ ინტერვიუებში ტრამპის არაწინასწარმეტყველებადობაზე მიუთითებს და არა პოპულიზმზე.

ტრამპსაც, თავის დროზე, ბრავადით თუ მის გარეშე, აქვს ნათქვამი, რომ საერთო სააკაშვილსა და მას შორის ის არის, რომ არცერთი მათგანი არ ჩერდება: იგულისხმებოდა, პიროვნების ძალით მიზნების მიღწევაში — დიახ, კეთილდღეობის და სიმდიდრის გასაზრდელად. ოღონდაც, ტრამპი — და ამით ის ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავდება — არამარტო სიტყვითაა კანონიერი წესრიგისა და კონსტიტუციონალიზმის მხარდამჭერი. თუ ივანიშვილი მართლაც არაფორმალური ლიდერია, სააკაშვილი კი უკრაინაშიც ფორმალური წესების დაცვით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნით იბრძვის — რაც მის მხრივ მალე საქართველოშიც მოსალოდნელია — ეს არის წყალგამყოფი “ოცნებასა” და ტრამპიზმს შორის.

არ არის დასამალი, რომ ტრამპის მოძრაობას მიეკუთვნება რასისტების, სექსისტების თუ ანტისემიტების საკმაოდ დიდი რაოდენობა. თუმცა იმის თქმა, რომ მისი 60 მილიონი ამომრჩევლიდან თუნდაც უმრავლესობა ასეთია, აბსურდულია. ამერიკაში ფაშისტურ ორგანიზაციებს საკუთარი პარტიაც კი არ აქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფაშისტური დამოკიდებულებები და პოლიტიკა გარკვეულ აღზევებასაც კი არ ზეიმობდეს, რადგან მათ ტრამპის გამარჯვება საკუთარ გამარჯვებად მიაჩნიათ. მაგრამ ეს ასე არ არის. ტრამპის უფრო მეტი მხარდამჭერის ამოსავალი წერტილი, რაც არ უნდა ბუნდოვანი კონკრეტული მოტივებით, ფუნდამენტურად არის თავისუფლების რეალიზაციის სურვილი.

ესაა არსებითი განსხვავება “ოცნებასთან” და, სავარაუდოდ, მისი მაინც უფრო დამაახლოებელი სააკაშვილთან.