ჩემი პირველი ანტი-ნოდია | My First (And Last) Anti-Nodia

არა, არ ტეხავს. (ტრამპის არჩევა პრეზიდენტად)

და მე სადაც ვარ, იქ უკვე იმაზე მსჯელობენ, თუ რა გლამური ექნება პირველ ლედი მელანია ტრამპს (რომელიც “ხუთ ენაზე ლაპარაკობს” и проч. и проч.) ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კანადის ბილეთების საყიდლად ვერ მოიცალეს.

არც “შარლატანია” იგი და არც “ირაციონალურად მოაზროვნე” (ტრამპი), როგორც ერთ-ერთ კომენტარში იკითხება—რაც, დამერწმუნებით, ბრწყინვალე კალამბურია.

შარლატანი არ არის, რადგან დიდი ბიზნესი მართლაც აქვს; “ტრამპ თაუერები” რეალურად მისი კომპანიის აშენებულია. გაბანკროტებულა, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ გამომძვრალა. რაღაც მაფიოზო რომ ყოფილიყო, ამდენი წელი გაუძლებდა? ჩასვამდნენ. დაიძვრინა თავი. სწორედ ეს საქმოსნობა იყო, რაც ბევრ ამომრჩეველს მოეწონა.

“პოლიტიკას აბანძებს”—რით, რომ ის, რაც ვერ შეძლო ჯებ ბუშმა, მარკო რუბიომ, კრის კრისტიმ, ტედ კრუზმა, მაიკ ჰაკაბიმ, ბოლოსდაბოლოს, ბერნი სანდერსმა და თვით ჰილარი კლინტონმა, შეძლო მან? ანუ, უთხრა ამერიკის ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ის და ისე, როგორც ეს მათ ეხებოდა? მიტ რომნიმ 2012-ში ვერ მოიგო. ტრამპმა მოიგო. და ეს არ არის მისი სავარაუდო სექსიზმისა ან რასიზმის გამო. ამაზეც დავწერ, მაგრამ ახლა არა.

რაც შეეხება “საკუთარი ასე თუ ისე გააზრებული ხედვა არა აქვს”-ს —ვერ დავეთანხმები. კარგია ფუკუიამას ციტირება, ზარივით სახელია. თუმცა, იმ პრობლემებზე, რასაც ფუკუიამაც აღწერს: მაგალითად, ტექნოლოგიური უმუშევრობა (technological unemployment)—მარქსისტებისთვის: კაპიტალის შემადგენლობაში ცვალებადი კაპიტალის კლება; ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის: თქვენს სუპერმარკეტში გამყიდვლების ავტოსკანერებით ჩანაცვლება—ამ ტენდენციაზე, ბოლომდე ქმედითი პასუხი—მოდი, კარგად ჩავიხედოთ გულებში—არ აქვთ, სავარაუდოდ, არც რესპუბლიკელებს—პოლ რაიანის ფისკალური კონსერვატიზმის ჩათვლით—არც დემოკრატებს, იქნება ეს კლინტონის ტექნოკრატია, თუ სანდერსის სახელმწიფო კაპიტალიზმი.

ორივე ბანაკი, სავარაუდოდ, ხელს გაიშვერს განათლებისაკენ: საჭიროა მეტი განათლება იმისათვის, რომ ტექნოლოგიური განვითარებით (ფუკუიამასთან ეს ეგრეთწოდებული გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილია, რამდენადაც ტექნოლოგიები ვითარდება დედამიწის იმ წერტილებში აგებულ ქარხნებში, სადაც იაფი მუშა ხელია) გამოწვეული მშრომელი ძალის განდევნა სამუშაო სფეროდან ანაზღაურდეს მათი ამ სფეროში დაბრუნებით ახალი თუ გაღრმავებული კვალიფიკაციის შედეგად.

თუმცა, მეტი განათლება როგორ ხდება ხელმისაწვდომი საზოგადოებაში, ამაზე განსხვავებული აზრები არსებობს. საჯარო სექტორის ზრდას სახელმწიფო კაპიტალიზმის ზრდა შეეფერება; კერძო სექტორისას ის ფაქტი, რომ განდევნილ სამუშაო ძალას ისედაც არ აქვს სახსრები განათლებაში ჩასართავად. მაგრამ ასეა თუ ისე, იმის თქმა, რომ ტრამპს “ხედვა არა აქვს”, ეს, ცოტა არ იყოს და, სასაცილოა. ჩაიხედეთ მის პროგრამაში. ის არსებობს. დიახ, და არამარტო პოლ რაიანის ცოტა ხნის წინ ასე გასაოცრად გამოხატულ მხარდაჭერას იმსახურებს—ყოველ შემთხვევაში, ფისკალური კონსერვატიზმის პრინციპებიდან გამომდინარე.

საკმაოდ ცხადი პროგრამაა, რომელიც ამ კონკრეტული პრობლემის რესპუბლიკელების მიერ გაზიარებული გადაჭრის მეთოდს სრულიად ითავისებს. რაიანიც ამასწინათ ციტირებულ ინტერვიუში დასძენს, რომ კონგრესის საგადასახადო რეფორმა—რაიანი წლების განმავლობაში ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტად ითვლება—ერთმანეთს თითქმის ემთხვევა. “ამერიკელ ხალხთან დადებულ ხელშეკრულებაში” ჩამოთვლილია რამდენიმე აქტი, რომლის მიღებასაც აპირებს ტრამპი პირველი ასი დღის განმავლობაში. მათ შორისაა “აქტი საშუალო ფენის გადასახადების შემცირებებისა და გამარტივების შესახებ.”

“ეკონომიკური გეგმა გამიზნულია გაზარდოს ეკონომიკა წელიწადში 4%-ით და შექმნას, სულ მცირე, 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი ფართომასშტაბიანი გადასახადების შემცირებისა და გამარტივების გზით, სავაჭრო რეფორმასა, სარეგულაციო შემსუბუქებასა და ამერიკული ენერგიაზე არსებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად. უდიდესი საგადასახადო შემცირება საშულო ფენას ეხება. ორბავშვიანი საშუალო ფენის ოჯახი მიიღებს გადასახადების 35%-იან შემცირებას. არსებული შვიდი საგადასახადო კატეგორია დაიყვანება სამზე, ხოლო საგადასახადო ფორმები ასევე დიდად გამარტივდება. საწარმოო საგადასახადო განაკვეთი დაიწევს 35%-დან 15%-მდე, ხოლო ამერიკული კორპორაციული კაპიტალის ტრილიონობით დოლარი ახლა შეიძლება დაბრუნდეს ქვეყანაში 10%-იანი განაკვეთით.”

სხვა პუნქტებსაც დავუბრუნდები, ალბათ.

და არაფერს ვიტვყი იმაზე, რომ ტრამპის გამარჯვებას გია ნოდია საქართველოში ივანიშვილის გამარჯვებას უიგივებს.

ეს მე უფრო ისეთი დამკვირვებლის განცხადებად მეჩვენება, რომელიც ხახაში უცქერს პარტიის მომავალ ხლეჩვას: ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა—და მიხეილ სააკაშვილის ფრთას, უიგივებს რა მას “ბელადომანიის” ფერმკრთალი ხაზით—ივანიშვილის გავლით—ტრამპს და პირიქით, აპოპულიზმებს, რათა, ცხადია, პოლიტბიუროელთა—და მაშასადამე საკუთარი—რაციონალური რაციონალობა წარმოაჩინოს.

კარგად გამოდის, არა?