მალე | Soon – დაიანი & კატცი, მედიის მოვლენების შესრულება | Daniel Dayan & Elihu Katz, Performing Media Events | თარგმანი

მალე დანიელ დაიანისა და ელაიუ კატცის კლასიკური კვლევის ახალი ქართული თარგმანი iBooks-სა და Saba.com-ზე | A definitive study by Daniel Dayan and Elihu Katz on Performing Media Events soon in Georgian translation on iBooks & Saba.com 

მედიის მოვლენების შესრულება 

დანიელ დაიანი და ელაიუ კატცი

საჯარო მოვლენების სატელევიზიო ტრანსლაციამ მხოლოდ ამ მოვლენების გადაცემის სირთულე კი არა, არამედ, მაყურებლისათვის საზეიმო გამოცდილების ფუნქციური ეკვივალენტის მიწოდების სირთულეც უნდა დაძლიოს. ტელევიზია ორგანიზატორთა წარმოდგენას საკუთარ წარმოდგენას აფარებს, აუდიტორიის რეაქციებზე საკუთარ რეაქციას წარმოაჩენს და მაყურებლებს, მათთვის წართმეული მონაწილეობის ასანაზღაურებლად, მონაწილეობის ჩანაცვლებით ფორმებს სთავაზობს. ამის შედეგად, ტელევიზია საჯარო ცერემონიების წარმოდგენების მთავარ დამდგმელ-შემსრულებლად იქცევა.

ტელევიზია მოვლენას მხოლოდ ნარატიულად კი არ ამუშავებს, ის მას ერთიან ნარატიულ სანახაობადაც გარდაქმნის. სწორედ რადგან აუდიტორია ყველა მონაკვეთს თავიდან ბოლომდე ესწრება, მოვლენის განცალკევებული ელემენტები ერთიანობას იძენს. მეტიც, ტელევიზია ასევე ორგანიზატორებსაც მოვლენის ერთ მთლიანობად გააზრებასა და მისი მსვლელობის ორგანიზებას აიძულებს. ამის შედეგად ისინი მოვლენას სპეციფიკურ თანმიმდევრულობას, ანუ მოულოდნელ »რიტმს«, ახალ »აღნაგობასაც« ანიჭებენ.

წარმოიშობა ანთროპოლოგიური ნაწარმი, რიტუალური ჰიბრიდი, მის შესახებ კი სრული უფლება გვაქვს, დავსვათ კითხვა: არის თუ არა ტრანსლაცია ცერემონიის გადაცემა, თუ პირიქით, ცერემონია მხოლოდ და მხოლოდ მედიის მოვლენის ცოცხალი რეკვიზიტია? ასევე, თუ ის, რასაც აქ გამარტივებული სახით »ცერემონიას« ვუწოდებთ, ტრადიციულად, განსხვავებული ცერემონიების თანმიმდევრობას, მაშასადამე, საზოგადოების გამიჯნულ ჯგუფებთან რიტუალურ შეხვედრათა მწკრივს წარმოადგენა, მაშინ რა შედეგებს მივიღებთ ისეთ შემთხვევაში, როცა ყველა ცერემონიას მთელი საზოგადოება ესწრება? რა ცვლილებებს განიცდის, საერთოდ, თავად მონაწილეობის ცნება?

სწორედ ასეთი საჯარო მოვლენების დადგმა-შესრულების დროს ტელევიზიისათვის დაკისრებულ განსხვავებულ როლებს ვიკვლევთ. ამასთან, ერთ ძირითად ვარაუდს ვეყრდნობით: საწყის მოვლენაში შეტანილ ტრანსფორმაციებს უბრალოდ ტელევიზიის მიერ გამოწვეულ »ცვლილებებად« თუ »დამატებებად« ვერ აღვიქვამთ. პირიქით, ისინი უნდა გავიაზროთ საჯარო მოვლენების არსის თვისებრივად გარდამქმნელ ფენომენებად. ვთვლით, რომ კონცეპტუალურად ხელისშემშლელია საკითხის დასმა, გვაწვდის თუ არა ტრანსლაცია შესაბამისი მოვლენის »ჭეშმარიტ« ინტერპრეტაციას. თუ ტელევიზიის როლის აშკარა »პერფორმაციულ« ხასიათს გავითვალისწინებთ, »ჭეშმარიტებისა« და »მცდარობის« პრობლემატიკა მნიშვნელობას თითქმის კარგავს. საქმე იმდენად »ჭეშმარიტებას« კი არა, რამდენადაც ერთგულებას ეხება. სატელევიზიო დისკურსი იმდენად მოვლენის რეპროდუქციას კი არა, რამდენადაც მისდამი ერთგულებას გვთავაზობს. ის სანაძლეოს დებს, რომ მოვლენა მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მოვლენის ბედ-იღბალს უკავშირებს და სრულიად უგულებელყოფს ჟურნალისტურ კრიტერიუმებსა თუ პარადიგმებს. აქედან გამომდინარე, პირველი კითხვაც ეს იქნება: თუ რას ნიშნავს ის განცხადება, რომლის თანახმადაც ტრანსლაცია მოვლენისადმი - იმ სახით, რა სახითაც მისი ორგანიზება ხდება - »ერთგულების« შენარჩუნებას ცდილობს?

ერთგულება მხოლოდ ზნეობრივი ან იდეოლოგიური როდია. ამავე დროს, ის მოვლენის ფორმის ერთგულებაცაა. თავდაპირველი მოვლენა აშკარად ცერემონიაა. ტელევიზია კი მის ტექსტუალიზებას ახდენს, ამის შედეგად მას აუცილებლობით აღარიბებს და ის სანახაობაზე დაჰყავს. აქედან გამომდინარე, ტელევიზიის რიტორიკის ძირითადი დანიშნულება დაკარგული ცერემონიული განზომილების აღდგენა, »თანდასწრებისათვის« ერზაცების შემოთავაზება ­— კომპენსაციის ესთეტიკის განვითარება ხდება. რამდენად შემოქმედებითია მედიუმი საკუთარი შეზღუდვების დაძლევისას?

თუმცა, »მედიის მოვლენის« ესთეტიკა გაცილებით უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ცერემონიული სფეროს ჯერ გაღარიბებასა, შემდეგ კი მის რეკონსტრუირებას.

ამ საკითხს მიღმა ტელევიზიის დადგმა-შესრულების სამი ასპექტი იმალება, რომლებსაც სათითაოდ განვიხილავთ. პირველ რიგში, ტელევიზიის მოვლენისადმი ერთგულებას გავარჩევთ: რასაც დეფინიციის შენარჩუნების ესთეტიკა შეიძლება ვუწოდოთ. ამის შემდეგ, მეორე ნაწილში, ტელევიზიის მიერ »პათიური« არხის მიწოდების ამაო მცდელობებს შევეხებით. მაყურებლებსა და ზეიმში მონაწილეებს ისინი იმის საშუალებას უნდა აძლევდეს, რომ მათ ინტერაქციაში ერთმანეთს ხელი გაუწოდონ და, ერთგვარად, ჯადოსნური ოინით, ვით პური და თევზი, ცერემონიათა სინამდვილე ამრავლონ. დაბოლოს, მედიუმის ამ უფრო ნოსტალგიური გამოყენებიდან ტელევიზიის იმ უნარს მივუბრუნდებით, რომელიც მას აძლევს საშუალებას, არა მარტო მოვლენის რეპროდუქცია ან მასზე წვდომა, არამედ, მისი საკუთარი, ორიგინალური მოვლენა მოგვაწოდოს.