გიყვარდეს მოყვასი შენი, განძარცვე მოკავშირე შენი. კრუზის ჯექსონური საგარეო პოლიტიკის შესახებ

 ტედ კრუზი. გილ ლავის ფოტო. ხელოვანის თავაზიანი ნებართვით

ტედ კრუზი. გილ ლავის ფოტო. ხელოვანის თავაზიანი ნებართვით

რესპუბლიკელების დე-მოინის 28 იანვრის ტელედებატებისას მოულოდნელობა შეიქნა. დონალდ ტრამპი საკამათოდ არ გამოჩნდა. ტრამპმა მოიმიზეზა, რომ პოპულარული წამყვანი მეგან კელი მას პირადი ხინჯით უტევს და მისი აცილება ითხოვა. ეს ორგანიზატორმა ფოქს-ნიუსმა იუარა. ტრამპიც, მცდარი გათვლით, დებატებს გამოაკლდა.

შედეგად, შეტევების ერთპიროვნულ ადრესატად ტედ კრუზი იქცა, მარკო რუბიომ კი წინა პლანზე წამოწევა მოახერხა. გაურკვეველია, თუ რა ზეგავლენა იქონია ასეთი სისუსტის  გამოჩენამ პირველ კენჭისყრაზე, თუმცა ფაქტია, რომ 1 თებერვალს აიოვაში მოულოდნელად კრუზმა 28%-ით გაიმარჯვა. ტრამპს, გამოკითხვების უპირატესობის მიუხედავად, 24%-ით მხოლოდ მეორე ადგილი ერგო, მესამე კი, არანაკლებ მოულოდნელი მცირე დაშორებით ­— რუბიოს, 23%-ით.

აიოვაში რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 60% ევანგელიკური, ხელახლა დაბადებული ქრისტიანია. ობამას ლიბერალურ დღის წესრიგს ისინი სწორედ პროტესტანტული ქრისტიანული ღირებულებებიდან გამომდინარე მტრობენ: სიცოცხლის უზენაესობა — აბორტების უარყოფა —, ტრადიციული ოჯახის დაცვა, სახელმწიფოს ჩაურევლობა რელიგიურ საქმიანობაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტრამპის პოპულიზმმა ვერ გაჭრა კრუზის 12,000 მოხალისესგან შემდგარი კარდაკარ მოსიარულე საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ.

აიოვაში გამარჯვების შემდეგ კრუზის შანსებმა მესამე კენჭისყრაში — სამხრეთ კაროლინაში — საგრძნობლად იმატა. ტრამპი, სავარაუდოდ, მოიგებს მეორე პრაიმერს: ნიუ-ჰემფშირში 9 თებერვალს. თუმცა, აიოვაში მარცხმა მას გარდაუვალობის ნიღაბი ახადა.

კრუზის წინააღმდეგ შეტევები რუბიოს გარშემო თანდათან კონსოლიდირებული მეინსტრიმის რესპუბლიკელების მხრიდან ცოცხლდება. მკვეთრად კი განსხვავება რუბიოსა და კრუზს შორის საგარეო პოლიტიკაში გამოიხატება. 

 

* * *

რუბიო ნეოკონსერვატიული სქემის მიმდევარია. რადგან ჯებ ბუშს დიდი შანსი ამ არჩევნებში არ უჩანს, სწორედ რუბიო იზიდავს რესპუბლიკელების ტრადიციული საგარეო პოლიტიკური კურსის სულ უფრო მეტ მხარდამჭერს.

კრუზს ნეოკონსერვატორები იმას უჩივიან, რომ ის, თითქოს, საერთოდ უარს ამბობს ა.შ.შ.-ს იმ ზოგად საგარეო პოლიტიკურ პრინციპზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა: დემოკრატიის მხარდაჭერას მსოფლიოში ამერიკის ინტერესებისათვის ის უმაღლეს ღირებულებად მიიჩნევს. კრუზი კი არ ეთანხმება იმას, რომ ამერიკის სამხედრო ძალები ხანგრძლივად რჩებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ერაყი; უკუაგდებს იმასაც, რომ დიქტატორული რეჟიმები ძალით შეიცვალონ დემოკრატიულებით­ — მაშინ, როცა ნეოკონსერვატიული ხაზი აქცენტს ასეთი რეჟიმების ამერიკისადმი მეგობრულ ან მტრულ დამოკიდებულებაზე აკეთებს.

ასეთი ტიპის იზოლაციონიზმს ჯექსონიზმადაც იხსენიებენ, ამერიკის მეექვსე პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის საპატივსაცემოდ. მისი ძირი მე-19 საუკუნის ანგლო-საქსონურ ნატივიზმშია. თუმცა, მცდარია, ამავე დროს, კრუზის და ტრამპის ერთ კალათაში ჩაყრა. ზედაპირულია გაიგივების ის საფუძველიც, თითქოს ორივე აისისის წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო შეტევებს უჭერს მხარს. კრუზის საგარეო პოლიტიკა ტრამპისგან მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება, პირველ ყოვლისა, იმით, რომ საერთოდ არსებობს.

2015 წლის 10 დეკემბერს ჰერიტეჯის ფონდში წარმოთქმულ სიტყვაში კრუზმა ჩამოაყალიბა ის თვალთახედვა, რომელიც, მისი სიტყვებით, რონალდ რეიგან-ჯინ კირკპატრიკის ­— 1980-ან წლებში გაეროს ელჩის ­— საგარეო პოლიტიკას თანამედროვე პირობებში განაახლებს. რეიგანის ქმედებას, კრუზის თანახმად, სწორედ არა მარტო ლიბერალური დემოკრატიების მხარდაჭერა ახასიათებდა. არამედ, რეიგანი პრაგმატული თვალსაზრისით დასაშვებად თვლიდა ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმთანაც თანამშრომლობას არსებითი მიზნების მისაღწევად.

საპირისპიროს ნეგატიური შედეგის უახლესი მაგალითი კრუზისთვის ლიბიის შემთხვევაა. სეკულარული დიქტატორული რეჟიმის სათავეში მდგომი მუამარ კადაფის დამხობას სასურველი დემოკრატიული განვითარება არ მოჰყოლია. პირიქით, ლიბიამ თანდათან სულ უფრო მეტი დეზინტეგრაცია განიცადა. შედეგად, მისი სახელმწიფო სტრუქტურები გაიხრწნა. მრავალი ერთმანეთთან დაპირისპირებული დაჯგუფება, მათ შორის ალ ქაიდას და აისისის რადიკალური ისლამისტური ტერორისტები, ერთმანეთს შინაგანი ჰეგემონიის მოსაპოვებლად ებრძვის.  

აწყმოში არსებულიდან, ყველაზე მწვავე შემთხვევა სირიაა. აქ კრუზი ეწინააღმდეგება ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემის, ბუშისა ­— და, ასევე, რუბიოს ­— პოზიციას, რომლის თანახმადაც აუცილებელია ასადის რეჟიმის დამხობა. ამავე დროს, რესპუბლიკელთა ორივე ფლანგი თანაბრად უკუაგდებს იმ უპრინციპობას, რომლითაც ბარაკ ობამა და მისი მიმდევრები, ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი, სირიის სამოქალაქო ომს და მასთან დაკავშირებულ აისისის” პრობლემას ეკიდებიან.

კრუზის თანახმად, სირიაში არსებული კონფლიქტი 2013 წლიდან მოყოლებული იმ სტადიაში გადავიდა, როცა ამერიკისათვის შეუძლებელია რომელიმე ერთ-ერთი მხარის პოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ასადის რეჟიმი დამარცხდება, აცხადებს კრუზი, არსებობს აშკარა საფრთხე, რომ ქვეყანას დაისაკუთრებს აისისთან დაკავშირებული და არა ის მცირერიცხოვანი ოპოზიციური ძალები, რომლებიც მეგობრულადაა განწყობილი ამერიკის მიმართ. ერაყში ასეთია ქურთების ფეშ-მერგა — სირიაში კი მსგავსი პარტნიორი ამერიკისთვის არ არსებობს, მიუხედავად ოპოზიციური ძალების მრავალმილიონიანი წვრთნის პროგრამებისა.

კრუზი მიუთითებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციაზე და მის თვალსაზრისს იმეორებს. ისრაელი სირიის კონფლიქტში არ უჭერს მხარეს არცერთ კონკრეტულ ძალას, რადგან არცერთი არ არის მისი მოკავშირე. ასევე უნდა მოიქცეს ამერიკაც. მთელი ძალისხმება ა.შ.შ.-მ უნდა დაუთმოს აისისის განადგურებას — თუმცა, აქ კრუზი კატეგორიულად საქმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს.

მცდარია ის ინტერპრეტაციაც, თითქოს კრუზი ეწინააღმდეგება ფეხოსანი ჯარების მონაწილეობას აისისთან ბრძოლაში. არაერთხელ მან განმარტა ისიც, რომ ეგრეთწოდებული ხალიჩისებრი დაბომბვით ის გულისხმობს ტერორისტული გაერთიანების ობიექტებზე ამომწურავ, თანმიმდევრულ და უწყვეტ“ საჰაერო შეტევას დამიზნებითი ცეცხლდაშენით. თუმცა, კრუზი ასევე დარწმუნებულია, რომ აუცილებელი იქნება ადგილზე ჯარების ჩარევა, პირველ ყოვლისა, ქურთების შენაერთების ერაყში, ასევე ეგვიპტესა და იორდანიის სამხედრო ძალების. ის არ გამორიცხავს ამერიკელი ფეხოსანი შენაერთების ბრძოლაში ჩართვასაც. მისი მიდგომა იმით გამოირჩევა, რომ არ თვლის მიზანშეწონილად წინასწარ დადგენას იმისა, თუ რა დონეზე მიიღებენ ისინი ასეთ კამპანიაში მონაწილეობას.

კრუზი, ტრამპის მსგავსად, მოითხოვს ამერიკისათვის ძლიერ ლიდერს; თუმცა, ტრამპისგან განსხვავებით, ის სახელმწიფო კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში რჩება. ლიდერმა უნდა მკვეთრად დასახოს მიზანი: აისისის  სრული განადგურება. ხოლო, თუ რა ნაბიჯები იქნება ამისათვის საჭირო, ამ კუთხით ის სამხედრო მეთაურობის რეკომენდაციებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

რუბიოსთან განსხვავება უდიდესია იმ საკითხში, თუ რამდენი ხანი უნდა დარჩეს ამერიკის სამხედრო ძალები კონკრეტულ ტერიტორიაზე. კრუზი არ ემხრობა თვითგამოცხადებული ხალიფატის დამარცხების შემდეგ სამხედრო კონტინგენტის ტერიტორიის გასაკონტროლებლად დატოვებას, როგორც ეს უახლოეს წარსულში მოხდა ერაყსა და ავღანეთში, უფრო ადრე კი გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და სხვა ა.შ.შ.-ს დღევანდელი მოკავშირეების შემთხვევაში.

ნეოკონსერვატიული დოქტრინის თავისებურებაა, რომ მხოლოდ ამ საშულაებით მიიჩენვს ის შესაძლებელს სტაბილურად ზეგავლენის შენარჩუნებას იმ კონკრეტულ ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ინტერესებს. კრუზის თანახმად, ასეთი ჩარევა უნდა ამოიწუროს ამ საფრთხის უშუალო აღმოფხვრით. ფაქტის შემდგომ nation-building-ი აღარ უნდა წარმოადგენდეს ა.შ.შ.-ს საზრუნავს. ამიტომ არის, რომ ხშირად გაისმის შეკითხვა, აღმოცენდება თუ არა ტრამპისა და კრუზის საარჩევნო აღმასვლის შედეგად ამერიკის ახალი საგარეო პოლიტიკა.

 

* * *

მართლაც საკითხავია, თუ რამდენად მოინდომებს კრუზი — თუკი მოხდა მისი პრეზიდენტად არჩევა — უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სამხედრო ძალების ჩართვას. შესაბამისად, საქართველოშიც: თუ რამდენად დაუჭერს მხარს ის რუსეთისა და ირანის სახელმწიფოების საწინააღმდეგო პოლიტიკის გაძლიერებას?

კრუზს, ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ამას ღიად ეწინააღმდეგება, ჯერ ფართოდ არ გაუჟღერებია, თუ რა საგარეო კურსს ემხრობა ის ახლო აღმოსევლეთის მიღმა. ის მხოლოდ აბსტრაქტულად საუბრობს რუსეთის და ჩინეთის საფრთხეზე. თუმცა ფაქტია, რომ ინტერვენციონიზმს დემოკრატიული განვითარების მიზნით ის არ მიიჩნევს უმაღლეს ღირებულებად. ამიტომაა, რომ ეგრეთწოდებული ისტებლიშმენტი მის წინააღმდეგაც ილაშქრებს, თანაც მოხერხებულად ცდილობს, ეს იარლიყი აიცილოს.

ისრაელში, მაგალითად, სწორედ კრუზს უჭერს მხარს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსერვატორი კომენტატორი კეროლინ გლიკი, ნეთანიაჰუს ყოფილი სამხედრო მრჩეველი. გლიკის თანახმად, კრუზი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ისრაელის ყველაზე ქმედითი მოკავშირეა, განსაკუთრებით, რადგან ის ირანის გარიგების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამოდის. რუბიო, პირიქით, ეთანხმებოდა კადაფისა და ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაკის ჩამოგდებასაც, რამაც აქ თითქმის მუსლიმური საძმოს შარიას კანონზე დამკვიდრებული დიქტატორული რეჟიმი შექმნა.

ისეთი ევანგელიკური ქრისტიანებისთვის, როგორიც არის ტედ კრუზი, ისრაელის მედგარი მხარდაჭერა იმ ესქატოლოგიური შეხედულებითაა გამოწვეული, რომ ერბაელების გადარჩენა, როგორც ღმერთის მიერ რჩეული ხალხისა, მეორედ მოსვლის მომასწავებელია. ისრაელის და ებრაელი ხალხის არსებობის შენარჩუნება, უახლეს ისტორიაში მათი განადგურების მცდელობების მიუხედავად, ევანგელიკური ქრისტიანებისთვის ხსნის გარანტორია. ამავე დროს, ბოლო წლებში, ახალ ევანგელიკალთა შორის პრო-პალესტინური განწყობაც მატულობს. ის არაბ მოსახლეობაში არსებულ ანტისემიტიზმს ივიწყებს და ისრაელს ცალმხრივად აბრალებს აგრესორობას.

ქრისტიანული სიონიზმი ვერ ჩაითვლება ინსტრუმენტულობისაგან თავისუფლად.  ებრაელობა, როგორც თემი და ისრაელის სახელმწიფოც, მისთვის თეოლოგიური საშუალებაა და არა თვითმიზანი. თუმცა, უეჭველია ისიც, რომ მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ანტისემიტიზმის ნაირსახეობების ფონზე, ეს პრაგმატული ფილოსემიტიზმი გაცილებით უფრო მეგობრულადაა განწყობილი ებრაელების მიმართ.

გლიკის პოზიცია გასაგები ხდება ისრაელის საპასუხო პრაგმატიზმიდან გამომდინარე. ისრაელი დღეს, ფაქტობრივად, რეგიონში მარტოსულია. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ ქმედითად უჭერს მას მხარს, ამერიკაა. და მისი შვიდი წლის განმავლობაში დაკნინებული მხარდაჭერა ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელიწადში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ დიდ დარტყმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ობამა არნახულ ნაბიჯს გადადგამს: წინ წამოწევს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.

დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები გაეროში ამ ზომას ყოველთვის ვეტოს ადებდა, რადგან პალესტინის მხრიდან არ ხდება ისრაელის არსებობის უფლების საპასუხო გარანტირება. თუმცა, საფრანგეთის საგარეო მინისტრი ლორენ ფაბიუსის მიერ 28 იანვარს, სწორედ აიოვას დებატების დღეს, წამოყენებული ულტიმატუმი ისრაელის მიმართ იმის მანიშნებელია, რომ, შესაძლოა, ობამას ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცალმხრივად აღიარების საბაბად გამოიყენოს.

კრუზის უნივერსალური ჩავედი, დავამარცხე, წამოვედის“ პოზიცია მისაღები ჩანს მხოლოდ დღეს ფაქტობრივად არსებულ პირობებში: ობამას ადმინისტრაციის პერიოდში უცვლელად, ამერიკა უკან იხევს ისრაელისთვის ან ირანის საფრთხის, ან ჰამასის და ჰესბოლას ტერორიზმის განეიტრალებაში დახმარების გაწევის საქმისგან. 2009 წელს ობამამ ნიშანდობლივად ხელიდან გაუშვა ირანში მწვანე რევოლუციის მხარდაჭერის შანსი. ხოლო, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება წარმოუდგენელია, თუკი ხსენებული დაჯგუფებები მის ტერიტორიაზე არ განიარაღდა.

* * *

მაშასადამე, თუკი აქცენტი მართლაც კვლავ საქმის ბოლომდე მიყვანაზე გადავა — რასაც კრუზი თავად მოითხოვს —, მაშინ “ აისისის დამარცხებასაც და ასადის რეჟიმის შეცვლასაც ის უნდა მოჰყვეს, რომ ამერიკის ძალები მანამ დარჩეს ჩართული კონფლიქტში, სანამ ახალი, მის მიმართ მეგობრულად განწყობილი კოალიცია არ შეძლებს სირიასა და ერაყში დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცებას.

გლიკის და სხვათა ეჭვიან განწყობას ზოგიერთი ავტოკრატული რეჟიმის დამხობის მიმართ რაციონალურ საფუძველს სწორედ ის აძლევს, რომ ამერიკამ, ობამას დროს, ერაყიდან და ავღანეთიდან უკან დაიხია. ამას მოჰყვა ისრაელის უსაფრთხოების სიტუაციის მძაფრი გაუარესება, რასაც ბოლო დროს მის შიგნით  „მესამე ინტიფადაზე“ მსჯელობის აუცილებლობაც დაემატა. მაგრამ, თუკი სწორედ ასეთი პასიური პოლიტიკური მიმართება შეიცვალა, ამას, შესაძლოა, მოჰყვეს ზოგიერთ, რადიკალური პოლიტიკური ისლამით დომინირებულ სახელმწიფოშიც დემოკრატიისაკენ სტაბილურად შემოტრიალება.

თუმცა, რონალდ რეიგანის საბჭოთა კავშირზე გამარჯვება ამის ადეკვატური პრეცედენტი ვერ იქნება. საქართველოზე მართლაც გადის ის ხაზი, რომელიც რეგიონში პრო-და ანტი-დასავლურ დისპოზიციებს მიჯნავს. გავიხსენოთ: ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დემოკრატიული როდი გახდა ­— განსაკუთრებით, ასეთი არ გამხდარა რუსეთი. ხოლო, თუ რამდენადაა ამგვარი დემოკრატიზაცია შესაძლებელი ­— და რომელ კონკრეტულ ისლამით დომინირებულ საზოგადოებაში ­— ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. აზრიანი ჩანს, უპირველეს ყოვლისა, მართლაც აისისის განადგურების მხდელობა, რასაც დიდი დრო და ა.შ.შ.-სა და მისი მოკავშირეების გაერთიანებული მცდელობა დასჭირდება. თუკი ეს მოხდა, ამას ისედაც მოჰყვება სირიაში ასადის რეჟიმის შესუსტება, ასევე იკლებს რუსეთის და ირანის მხარდაჭერის არეალიც.

ნიუ-ჰემფშირში პაექრობა მეორე ადგილისთვის მიმდინარეობს. ტრამპი­­—2015 წლის ივლისიდან მოყოლებული­—სტაბილურად ლიდერობს გამოკითხვებში. რუბიომ აიოვაში კარგი შეგედი აჩვენა, მაგრამ ნიუ-ჰემფშირის დებატებში იგი მოცურდა. კრუზს იქ გამარჯვების და ლიბერტარიანელი რენდ პოლის მიერ კამპანიის შეჩერების შემეგ ახალი, მცირე პოტენციალი ამ შტატშიც გაუჩნდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით არ არის გამორიცხული ერთ-ერთი გუბერნატორის წარმატებაც: ბუშის, კრის კრისტის ან ჯონ კეისიკის.